ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
LinkedIn -ი და პერსონალური მონაცემების დაცვა

LinkedIn -ი და პერსონალური მონაცემების დაცვა

შენიშვნა: დოკუმენტი შექმნილია სოციალურ ქსელ LinkedIn-ის მონაცემთა დაცვის პოლიტიკის საფუძველზე.

LinkedIn-ი სოციალური ქსელი და ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს  პროფესიული კავშირების დამყარებაში ეხმარება. 2016 წლიდან პლატფორმა Microsoft-ის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

რა პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს LinkedIn-ი?

რეგისტრაციის ეტაპი

ანგარიშის შესაქმნელად მომხმარებელმა პლატფორმას სავალდებულოა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია: სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი ან/და მობილური ტელეფონის ნომერი, ძირითადი ადგილსამყოფელი (მაგ. ქალაქი) და პაროლი.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ისარგებლებს ფასიანი სერვისებით, მან LinkedIn-ს ასევე უნდა მიაწოდოს შესაბამისი საბანკო რეკვიზიტები.

პროფილი

მომხმარებელს ნებაყოფლობით შეუძლია განათავსოს თავის ანგარიშზე  ინფორმაცია,  განათლების, სამუშაო გამოცდილების, უნარების, ფოტოსურათების, ადგილსამყოფელისა და მიღწევების შესახებ.

LinkedIn-ი არ ავალდებულებს მომხმარებლებს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების (მაგალითად, გენდერული იდენტობის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მითითება არის ნებაყოფლობითი და პლატფორმაზე რეგისტრაციის წინაპირობას არ წარმოადგენს) მითითებას.   

თუ პირი გადაწყვეტს ამ ინფორმაციის პლატფორმისთვის გაზიარებას, ის არ იქნება განთავსებული საჯაროდ მის „პროფილზე“, თუმცა დამუშავდება, რათა მომხმარებელს მიეწოდოს მასზე მორგებული სიახლეები, ინფორმაცია დამსაქმებლებსა და სამუშაო ანაზღაურების თაობაზე. გარდა ამისა,  აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება მოხდება პოტენციური დამსაქმებლებისთვის,  მოწყვლადი ჯგუფების დასაქმებისთვის ხელის შეწყობის მიზნით.

LinkedIn-ზე პოსტის განთავსება და ინფორმაციის ატვირთვა 

მომხმარებლის მიერ LinkedIn-ზე პოსტის განთავსებისა და ინფორმაციის ატვირთვის შემდეგ, პლატფორმა დაამუშავებს ამ მონაცემებს (მაგალითად, როდესაც მომხმარებელი ავსებს დასაქმების აპლიკაციის, გამოკითხვის ფორმას ან აწვდის რეზიუმეს მას).

გასათვალისწინებელია, რომ LinkedIn-ზე განთავსებული ზოგიერთი ინფორმაცია (მაგალითად, სახელი და პროფილის ფოტოსურათი, სამუშაო ადგილი და განათლება) ხელმისაწვდომია პლატფორმაზე არარეგისტრირებული პირებისთვის - ვიზიტორებისთვის.

მესამე პირთაგან[1] მოპოვებული ინფორმაცია

შინაარსი (ე.წ „კონტენტი“) და ახალი ამბები

პლატფორმაზე მომხმარებლების მიერ გაზიარებული ინფორმაცია, როგორიცაა პოსტები, კომენტარები, სტატიები და ვიდეოები,  შესაძლოა შეიცავდეს მესამე პირთა შესახებ მონაცემებსაც. გარდა ამისა, LinkedIn-ი აგროვებს მომხმარებლის შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციასაც[2].

კალენდრიდან და კონტაქტებიდან მოპოვებული ინფორმაცია

იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა სუბიექტი[3] ეთანხმება მოწყობილობიდან თავისი კონტაქტებისა და კალენდრის სინქრონიზაციას, LinkedIn-ი ამ ინფორმაციას გამოიყენებს მისი პროფესიული კავშირების გაფართოების მიზნით.

მომხმარებლების მოწყობილობებიდან სინქრონიზებულ ინფორმაციას პლატფორმა უკავშირებს კონკრეტული მომხმარებლების ანგარიშებს და იყენებს სავარაუდო კავშირების მოსაძიებლად.

კავშირები

მონაცემთა სუბიექტის მიერ LinkedIn-ის პარტნიორებისა და კლიენტების მომსახურების გამოყენებისას, პლატფორმას გადაეცემა აღნიშნული პირის პერსონალურ მონაცემები (მაგ. სამუშაოს დასახელება, ელექტრონული ფოსტის მისამართი). ამასთან LinkedIn-ს საჯაროდ მხოლოდ მარკეტინგული პარტნიორების ჩამონათვალი აქვს განთავსებული.

LinkedIn-თან დაკავშირებული კომპანიების მომსახურება

LinkedIn-ი იღებს მონაცემთა სუბიექტის შესახებ ინფორმაციას, როდესაც მომხმარებელი იყენებს LinkedIn-ის ან მასთან დაკავშირებული კომპანიების მომსახურებას (მაგ. მომხმარებელს შეუძლია მიაწოდოს LinkedIn-ს ინფორმაცია თავისი კონტაქტების შესახებ, რომელიც განთავსებულია Microsoft-ის აპლიკაციებში (მაგ. Outlook-ში))

„მზა ჩანაწერები“ (ე.წ „ქუქი ფაილი“) და LinkedIn-ის მიერ მათი  მეშვეობით დამუშავებული ინფორმაცია

LinkedIn-ი მონაცემებს ამუშავებს „მზა ჩანაწერების“(ე.წ „ქუქი-ფაილების“) მეშვეობით, როდესაც მონაცემთა სუბიექტი სტუმრობს და იყენებს LinkedIn-ის სერვისებს, მაგალითად აპლიკაციას.

 „მზა ჩანაწერები“ არის მცირე ზომის ტექსტური ფაილი, რომელსაც პლატფორმა ინახავს მონაცემთა სუბიექტის მოწყობილობაზე (სმარტფონი, კომპიუტერი და ა.შ.), როდესაც მომხმარებელი სტუმრობს LinkedIn-ს.  „ქუქი-ფაილის“ გამოყენების ერთ-ერთი მთავარი მიზანია მომხმარებლის  აქტივობის ანალიტიკა და მასზე მორგებული ინფორმაციის შეთავაზება.

ერთმანეთისგან განსხვავდება სავალდებულო და არასავალდებულო „ქუქი - ფაილები“. 

სავალდებულო „მზა ჩანაწერები“ აუცილებელია ვებ-გვერდის/აპლიკაციის ძირითადი ფუნქციებით სარგებლობისთვის, ხოლო არასავალდებულო „მზა ჩანაწერები“ პლატფორმას ნებას რთავს დამატებით დაამუშავოს ის მონაცემები, რაც არ არის აუცილებელი ვებ-გვერდის/აპლიკაციის ფუნქციონირებისთვის.

არასავალდებულო „ქუქი-ფაილებს“ განეკუთვნება, მაგალითად, მესამე პირთა („Third Party Cookies”), ასევე სარეკლამო „მზა-ჩანაწერებიც“, რომელიც საჭიროა მომხმარებლისთვის მასზე მორგებული სარეკლამო თემატიკის შეთავაზების მიზნით.

LinkedIn-ით სარგებლობისას პლატფორმა იყენებს მოწყობილობის შესახებ, ისეთ ინფორმაციას როგორიცაა: ინტერნეტ პროტოკოლის მისამართები (IP Address), ბრაუზერის ინფორმაცია[4] და ადგილმდებარეობა.

LinkedIn-ისთვის ხელმისაწვდომია როგორც იმ ვებ-გვერდის მისამართი (ე.წ. „URL“), რომელი ბმულიდანაც მომხმარებელი გადავიდა  მის პლატფორმაზე, ასევე იმ ვებ-გვერდის მისამართიც, რომელზეც მომხმარებელი LinkedIn-ზე არსებული ბმულიდან გადავა.

მაგალითად, თუ მომხმარებელი სხვა სოციალური ქსელიდან გადადის LinkedIn-ის ბმულზე ან კონკრეტულად LinkedIn-ზე მოცემული ბმულიდან სხვა ვებ-გვერდის ბმულზე, სწორედ ამის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია აღნიშნული პლატფორმისთვის.

თუ მომხმარებელი LinkedIn-ს იყენებს მობილური მოწყობილობით, პლატფორმას ეგზავნება ინფორმაცია მომხმარებლის ადგილმდებარეობის შესახებ მობილური მოწყობილობის ფუნქციური პარამეტრებიდან გამომდინარე. LinkedIn-ი სუბიექტის თანხმობის საფუძველზე იყენებს გლობალური პოზიციონირების სისტემას (GPS)  ან/და სხვა ხელსაწყოებს მომხმარებლის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებისთვის. 

თანხმობის „ფანჯარა“ განსხვავდება სხვადასხვა ოპერაციული სისტემების მიხედვით (iOS (დანართი 1), Android (დანართი 2)).

მომხმარებლის ადგილმდებარეობის დადგენისთვის, საჭიროა მისი თანხმობა:

  • ერთჯერადი თანხმობა (Allow Once);
  • თანხმობა მხოლოდ აპლიკაციის გამოყენების დროს (Allow While Using The App);
  • უარყოფა (Don’t allow).

Android-ის ოპერაციული სისტემის მქონე მოწყობილობებზე, რიგ შემთხვევებში, შევხვდებით დამატებით ღილაკს - „Ask Every Time”, რაც გულისხმობს რომ მომხმარებელი ყოველ ჯერზე ახლიდან უნდა დაეთანხმოს მისი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის დამუშავებას (იხ. დანართი 2).

შეტყობინებები

LinkedIn-ი აგროვებს ინფორმაციას მომხმარებლის შესახებ, როდესაც ის იღებს ან აგზავნის შეტყობინებას პლატფორმის სერვისების მეშვეობით.

მაგალითად, როცა იგი მიიღებს სხვა მომხმარებლისგან „დაკავშირების“ მოთხოვნას, სოციალური ქსელი ინტერნეტ აქტივობის თვალთვალით ე.წ. „თრექინგით“ აიდენტიფიცირებს ამ მოთხოვნაზე სუბიექტის შემდეგომ რეაგირებას და პერიოდულად შეახსენებს მას მოთხოვნის შესახებ.

შეტყობინებების შინაარსის ავტომატიზაციის მეთოდი

LinkedIn-ი  შეტყობინების შაბლონის ამოსაცნობად, თავის საკონტაქტო პლატფორმაზე, იყენებს ავტომატიზებულ სისტემებს. შაბლონით LinkedIn-ი კომუნიკაციას მეტად ეფექტიანს და ინფორმირებულს ხდის. მაგალითად:

  • იგი პოულობს სიმბოლოების სპეციფიკურ სტრიქონებს, რომლებიც მიუთითებენ Emoji-ზე, და ამ ინფორმაციას ასახავს გამოსახულებით;
  • ეძებს ტექსტს, რომელიც მიუთითებს ბმულზე (მაგ. მთავრდება „.com“ ან მსგავსით) და შემდგომ ამ ფორმით აყალიბებს ამ ინფორმაციას;
  • ადრესატის ველში მომხმარებლის მიერ სახელის შეყვანისას, პლატფორმა წინასწარ სთავაზობს პიროვნებების სავარაუდო  ვარიანტებს;
  • მავნე ვებ-გვერდების პრევენციისთვის, ე.წ „სპამის” გამოსავლენად,  ამოწმებს შეტყობინებებში გაზიარებულ ბმულებს და ეძებს შავ სიაში შეყვანილ საკვანძო სიტყვებს.
  • სთავაზობს სავარაუდო  პასუხების ვარიანეტებს (მაგ., შეტყობინებების შეთავაზებები).
  • მიმაგრებულ ფაილებში ეძებს ვირუსებს ან სხვა საფრთხის შემცველ კოდებს.

დამსაქმებლისა და საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაცია

იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია (მაგ. დამსაქმებელი, საგანმანათლებლო დაწესებულება) შეისყიდის მომხმარებლისთვის LinkedIn-ის პრემიუმ სერვისს[5], ისინი პლატფორმას აწვდიან ამ მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს.

ვებ-გვერდები და სხვა კომპანიების მომსახურება

LinkedIn-ს  მიეწოდება ინფორმაცია მომხმარებლის მიერ  LinkedIn-ის ანგარიშის მეშვეობით სხვა პლატფორმაზე ავტორიზაციისას ან მისი რეკლამების/მზა ჩანაწერების შემცველი აპლიკაციებით სარგებლობისას.

მონაცემთა უსაფრთხოება

მომხმარებლის მონაცემების დასაცავად LinkedIn-ი იყენებს მონაცემთა დაშიფვრის მძლავრ ტექნიკას. ჰიპერტექსტის უსაფრთხო გადაცემის პროტოკოლი - HTTPS (Hypertext Transfer Protocol Secure) გამოიყენება უსაფრთხო კომუნიკაციისთვის მომხმარებლის ბრაუზერსა და LinkedIn-ის სერვერებს შორის, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა დაშიფვრასა და უსაფრთხო მიმოცვლას.

ამასთანავე, ანალიტიკის ან კვლევის მიზნით მომხმარებლის მონაცემების დამუშავებისას LinkedIn-ი ხშირად მიმართავს მონაცემთა ანონიმიზაციის მეთოდს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის მონაცემთა ანონიმურობას.

მონაცემთა სუბიექტს შეუძლია ისარგებლოს ანგარიშის საჯაროობის შეზღუდვის (Private Mode) ფუნქციით - შეამციროს იმ პირთა წრე, რომელთაც შეუძლიათ პროფილის დათვალიერება.

LinkedIn-ის პარამეტრებით, ასევე  გათვალისწინებულია „ხილვადობის“ შეზღუდვის ფუნქცია (დანართი 3). კერძოდ, ამ ფუნქციის გააქტიურებით, ორგანიზაციებს აღარ მიეწოდებათ ინფორმაცია, ესტუმრა თუ არა კონკრეტული მომხმარებელი მათ გვერდს.

ანგარიშის საჯაროობის შეზღუდვის ფუნქციის გააქტიურების შემდეგ (დანართი 2), მომხმარებელი სხვა პირებისთვის ხილვადი იქნება ანონიმურად - სახელისა და გვარის მითითების გარეშე (Anonymous LinkedIn Member).   მიუხედავად ამისა, ანგარიშის ძველი აქტივობები, მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია, საჯაროდაა ხელმისაწვდომი, როგორც LinkedIn-ის სხვა მომხმარებლებისთვის, ისე მისი ვიზიტორებისთვის.

ავტორიზაცია

ანგარიშის უსაფრთხოებისთვის, არაავტორიზებული წვდომის შესამცირებლად,  LinkedIn-ი იყენებს მრავალფაქტორიან ავთენტიფიკაციას (ე.წ. „MFA“). შესაბამისად, LinkedIn-ი ურჩევს მომხმარებლებს ამ ფუნქციით სარგებლობას.

პლატფორმაზე მრავალფაქტორიანი ავთენტიფიკაციის ფუნქციის გააქტიურების შემდეგ, მომხმარებლის ავტორიზაციისას, დამატებით LinkedIn-ი მოითხოვს დამადასტურებელი კოდის შეყვანას. ეს მინიმუმამდე ამცირებს უცხო პირთა წვდომის რისკებს და უზრუნველყოფს ანგარიშის უსაფრთხოებას.

 

LinkedIn-ი იყენებს მრავალფაქტორიანი ავთენტიფიკაციის ორ მეთოდს:

  • ტექსტურ (SMS) ავთენტიფიკაციას;
  • ავთენტიფიკაციის  აპლიკაციით დადასტურებას (მაგ. როგორიცაა Microsoft Authenticator).

 

 

 

 

 

 

მონაცემთა მინიმიზაცია

LinkedIn-ი, მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპის შესაბამისად, აგროვებს მხოლოდ იმ მონაცემებს, რაც აუცილებელია მომხმარებლისთვის სერვისების მიწოდებისა და გაუმჯობესების მიზნით. პლატფორმა მონაცემებს ანაწილებს რამდენიმე სერვერზე, რაც უზრუნველყოფს  მონაცემთა ხელმისაწვდომობას და უსაფრთხოებას.

მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველები

LinkedIn-ი მონაცემებს ამუშავებს მონაცემთა სუბიექტის თანხმობით, ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან/და სხვა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.

თუ მონაცემები მუშავდება სუბიექტის თანხმობის საფუძველზე, მას, ნებისმიერ დროს, შეუძლია გამოიხმოს იგი, ხოლო თუ მონაცემები მუშავდება ლეგიტიმური მიზნით, სუბიექტს მხოლოდ LinkedIn-ის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს.

როგორ იყენებს LinkedIn-ი მომხმარებელთა მონაცემებს?

LinkedIn-ი პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს იმის მიხედვით, თუ როგორ და რა მომსახურებით  სარგებლობს მომხმარებელი. ამ პროცესში პლატფორმა ითვალისწინებს მონაცემთა სუბიექტის მიერ პარამეტრების ველში გაკეთებულ არჩევანს და  მონაცემებს იყენებს იმისთვის, რომ მომხმარებელს მიაწოდოს მათზე მორგებული პერსონალიზირებული სერვისები.

LinkedIn-ი იყენებს სუბიექტის მონაცემებს, სხვებისთვის მისი ანგარიშის მოძიების გამარტივებისთვის, სავარაუდო კავშირების შეთავაზებისთვის.

პრემიუმ მომსახურება

LinkedIn-ის პრემიუმ სერვისების მომხმარებლებს შეიძლება მიეწოდოთ სხვა ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა, სახელი და გვარი, ორგანიზაცია და თანამდებობა სადაც იგი ამ ეტაპზეა დასაქმებული, ზოგადი ადგილმდებარეობა (მაგალითად, თბილისი). გამონაკლისია,  როდესაც მონაცემთა სუბიექტი უარს აცხადებს თავისი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე.

მომხმარებლის საკონტაქტო მონაცემები პრემიუმ მომსახურების მიმღებ პირებს გადაეცემათ მხოლოდ უშუალოდ სუბიექტის თანხმობით.

კომუნიკაციები

LinkedIn-ი მომხმარებელთან აგზავნის შეტყობინებებს ელექტრონული ფოსტის,  მობილური ტელეფონის, ვებ-გვერდისა და აპლიკაციის მეშვეობით. მონაცემთა სუბიექტს არ შეუძლია უარი თქვას პლატფორმის მომსახურებასთან დაკავშირებული შეტყობინებების მიღებაზე (მაგალითად, როგორიცაა უსაფრთხოებასა და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული შეტყობინებები).

მომსახურების პროვაიდერი

ორგანიზაციები, რომლებიც LinkedIn-ს ეხმარებიან მომსახურების გაწევაში (მაგ. ანალიზი, აუდიტი, თაღლითობის გამოვლენა და სხვა), გონივრული აუცილებლობის ფარგლებში, ახორციელებენ სუბიექტების იმ მონაცემებზე წვდომას, რომლებიც მათ ესაჭიროებათ ამ მომსახურებით უზრუნველყოფისთვის. ამ ორგანიზაციებს გაუთქმელობის ვალდებულება აკისრიათ.

ინფორმაციის გასაჯაროების სამართლებრივი საფუძველი

LinkedIn-ი, ზოგიერთ შემთხვევაში, ვალდებულებულა მომხმარებელთა მონაცემები გადასცეს მესამე პირებს, კერძოდ :

  • თუ ეს კანონითაა გათვალისწინებული;
  • დანაშაულის გამოვლენისა ან მისი პრევენციის მიზნით;
  • მონაცემთა სუბიექტთან დადებული ხელშეკრულების შესასრულებლად;
  • საკუთრი სამართლებრივი ინტერესების დაცვის მიზნით (მაგ. სასამართლოში მტკიცებულებად წარსადგენად);
  • LinkedIn-ის სერვისების უსაფრთხოებისა და მთლიანობის უზრუნველყოფისთვის (მაგ. ამ ინფორმაციის იმ კომპანიებისთვის გაზიარებით, რომლებიც დგანან მსგავსი საფრთხის წინაშე);
  • LinkedIn-ის, მისი მომხმარებლების, დასაქმებული პირების უფლებების დაცვისა და უზრუნველყოფისთვის.

LinkedIn-ი  მომხმარებელს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაწვდის მათი ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნის შესახებ ინფორმაციას, თუ მიიჩნევს რომ მიზანშეწონილია ამის თაობაზე მათი ინფორმირებულობა. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც სუბიექტის ინფორმირება პირდაპირ არის აკრძალული კანონით, სასამართლოს მიერ, ან ინფორმაციის გადაცემა ხდება გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში.

LinkedIn-ს შეუძლია უარი თქვას მესამე პირებისთვის მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გადაცემაზე,  თუ თვლის, რომ ეს მოთხოვნა, არის არაპროპორციული, ბუნდოვანი ან არაუფლებამოსილი პირის მიერ არის წარდგენილი. ამასთან,  LinkedIn-ი ყველა მოთხოვნას ეჭვქვეშ არ აყენებს.

მომხმარებლის არჩევანი და ვალდებულებები

LinkedIn-ი მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს ინახავს მანამ, სანამ ის არ მოითხოვს თავისი ანგარიშის დახურვას.  ზოგიერთ შემთხვევაში, LinkedIn-ი ინახავს ამ ინფორმაციას (მაგალითად, გამოყენებული სერვისების თაობაზე) დეპერსონალიზებული ან დაჯგუფებული ფორმით (ე.წ „აგრეგირებული მონაცემები“).

მომხმარებლის მონაცემთა განკარგვასთან დაკავშირებული უფლებები

მომხმარებელს უფლება აქვს:

  • მოითხოვოს მისი მონაცემების სრულად ან ნაწილობრივ წაშლა;
  • თავადვე შეცვალოს ან მოსთხოვოს LinkedIn-ს ჩაასწოროს, განაახლოს მისი პერსონალური მონაცემები;
  • მოსთხოვს LinkedIn-ს მისი მონაცემების დამუშავების შეწყვეტა - მთლიანად ან ნაწილობრივ (თუ პლატფორმას არ აქვს დამუშავების სხვა სამართლებრივი საფუძველი) ან შეუზღუდოს LinkedIn-ს მისი გამოყენება (მაგალითად, როდესაც სუბიექტის მონაცემები არის არაზუსტი ან არამართლზომიერად მოპოვებული).
  • მონაცემთა სუბიექტს აქვს უფლება მოსთხოვოს LinkedIn-ს თავისი პერსონალური მონაცემების ასლები.

პირდაპირი მარკეტინგი

LinkedIn-ი მარკეტინგული მიზნებისათვის მომხმარებლის მონაცემებს მესამე პირებთან მხოლოდ მისი თანხმობით აზიარებს.

LinkedIn-ი თავის პლატფორმაზე, ასევე მის გარე, მომხმარებლებს სთავაზობს მათზე მორგებულ რეკლამებს.  სუბიექტს არ აქვს რეკლამის ნახვაზე უარის თქმის უფლება.

LinkedIn-ი რეკლამებს სთავაზობს როგორც მისი პლატფორმის მომხმარებლებს, მის ვიზიტორებს, ასევე სხვა პირებს. ამისთვის იგი იყენებს შემდეგი სახის ინფორმაციას: „მზა ჩანაწერებს“, მოწყობილობის იდენტიფიკატორებს, საკონტაქტო ინფორმაცისა, დასაქმების სფეროს, ძიების ისტორიას, რეკლამებზე ან სხვა გვერდებზე ვიზიტების, ვიდეოების (რომლებსაც მომხმარებელი უყურებს) შესახებ ინფორმაციას და სხვა.

მომხმარებლის პარამეტრებიდან გამომდინარე, თუ სუბიექტი განახორციელებს სოციალურ აქტივობას (მოწონება, კომენტარი და ა.შ) LinkedIn-ის სერვისებზე, მას შესაძლოა მიეწოდოს მსგავსი თემატიკის რეკლამა პლატფორმის ალგორითმის მეშვეობით. აღნიშნულ ქმედებას LinkedIn-ი ახორციელებს მომხმარებლის  მონაცემის დამუშავების შედეგად.

მონაცემთა სუბიექტს შეუძლია საკუთარი ანგარიში სხვა სერვისებს დაუკავშიროს (როგორიცაა  X, WeChat ან ელექტრონული ფოსტის მომსახურების მიმწოდებლები). აღნიშნული ფუნქციიდან გამომდინარე, მას ეძლევა საშუალება, მაგალითად, გააზიაროს სტატუსი LinkedIn-იდან პირდაპირ X -ზე და ა.შ.

LinkedIn-ი მესამე პირებს (მაგ. სარეკლამო ორგანიზაციებს) უზიარებს მხოლოდ შემდეგ პერსონალურ მონაცემებს:

  • მოწყობილობის იდენტიფიკატორები;
  • მონაცემები რომლებიც მუშავდება უშუალოდ სუბიექტის თანხმობის საფუძველზე;
  • მონაცემები, რომლებიც უკვე ხილვადია პლატფორმის სხვა მომხმარებლებისთვისა და ვიზიტორებისთვის.

თუ მომხმარებელი ნახავს ან გადავა სარეკლამო პოსტზე,  LinkedIn-ზე ან სხვა მასთან დაკავშირებულ პლატფორმაზე, სარეკლამო მომსახურების მიმწოდებელი მიიღებს შეტყობინებას, რომ მომხმარებელი ესტუმრა რეკლამის გვერდს და „მზა ჩანაწერების“ დახმარებით  ახდენს მონაცემთა სუბიექტის - მომხმარებლის იდენტიფიცირებას.

ასეთი შემთხვევებისთვის,  LinkedIn-ი სარეკლამო ორგანიზაციებს,  მათთან დადებული ხელშეკრულებით,  მონაცემთა სუბიექტის მკაფიო და აქტიური მოქმედებით გამოხატული თანხმობის მიღებას ავალდებულებს.

სარეკლამო ორგანიზაციები  რეკლამის დამკვეთის მიერ,  მონაცემთა სუბიექტისგან, შეგროვებულ პერსონალურ მონაცემებს აერთიანებენ LinkedIn-ისგან მიღებულ  მოწყობილობის იდენტიფიკატორებთან. ეს საშუალებას აძლევს სუბიექტს იხილოს მასზე მორგებული რეკლამები  - მისი აქტივობისა და ინტერესებიდან გამომდინარე. 

მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა

ევროპული კომისიის მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, მონაცემთა საერთაშორისო გადაცემისას LinkedIn-ი ეყრდნობა ხელშეკრულებას[6], როგორც სამართლებრივ მექანიზმს „განსაზღვრული ქვეყნებიდან“[7] და გაერთიანებული სამეფოს მონაცემთა გადაცემის ადენდუმს დიდი ბრიტანეთიდან  მონაცემთა ზოგიერთი საერთაშორისო გადაცემისთვის.

სახელშეკრულებო დებულებები ავალდებულებს კომპანიებს (მაგალითად, LinkedIn Ireland Unlimited Company-დან მისთვის მომსახურების მიმწოდებლებისთვის მონაცემთა გადაცემისას ან თუ იგი ინფორმაციას გადასცემს LinkedIn Corporation-ს),  მონაცემთა საერთაშორისო გადაცემისას დაიცვან მონაცემთა კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება.

LinkedIn-ის მონაცემთა ბაზები, სადაც ინახება მომხმარებლების შესახებ ინფორმაცია, განთავსებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში.  გარდა ამისა, პლატფორმა ამ მიზნით იყენებს Microsoft-ის მომსახურებასაც.

ანგარიშის დახურვა

თუ მონაცემთა სუბიექტი გადაწყვეტს LinkedIn-ის ანგარიშის დახურვას, 24 საათის ვადაში მისი მონაცემები სხვა მომხმარებლებისათვის აღარ იქნება ხილვადი.

LinkedIn-ი შლის ინფორმაციას დახურული ანგარიშის შესახებ 30 დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მონაცემთა შენახვა დაკავშირებულია:

  • სამართლებრივი ვალდებულებების შესრულებასთან (მაგალითად, სამართალდამცავი ორგანოს მოთხოვნა);
  • მარეგულირებლის მოთხოვნასთან;
  • დავების მოგვარებასთან;
  • უსაფრთხოების შენარჩუნებასთან;
  • თაღლითობასა და პლატფორმის წესების დარღვევასთან (მაგალითად,  თუ მომხმარებლის ანგარიში LinkedIn-მა შეზღუდა თავისი პოლიტიკის წესების დარღვევის გამო);
  • სამომხმარებლო შეთანხმების შესრულებასთან ან მონაცემთა სუბიექტის მიერ გამოწერის გაუქმების უზრუნველყოფასთან.

LinkedIn-ი ამ შემთხვევებში მონაცემებს ინახავს დეპერსონალიზებული ფორმით.

ინფორმაცია, რომელიც მონაცემთა სუბიექტმა გაუზიარა სხვებს (მაგ. ჯგუფური პოსტები) ხილვადი იქნება ანგარიშის დახურვის შემდეგაც.


[1] LinkedIn-ის მომხმარებლები, პარტნიორები, კლიენტები და სხვა.

[2] საჯაროდ ხელმისაწვდომია ინფორმაცია, რომელიც ღიაა და ხელმისაწვდომია ყველასთვის.

[3] ამ დოკუმენტის მიზნებისთვის -  მომხმარებელი, ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება.

[4] ბრაუზერის ტიპი და ვერსია, ოპერაციული სისტემა, ეკრანის რეზოლუცია, ენა, სასაათო სარტყელი და სხვა.

[5] LinkedIn-ი პრემიუმ მომსახურების მფლობელს, მასზე მორგებული ხელსაწყოების მეშვეობით, ეხმარება პლატფორმის მომხმარებელთა (მაგალითად, ვაკანსიის კანდიდატების, პოტენციური კლიენტები და თანამშრომლები) მოძიებასა და დაკავშირებაში. ასევე,  ტალანტების მართვასა და სოციალური მედიის მეშვეობით შინაარსის (ე.წ „კონტენტის“) პოპულარიზაციაში.

[6] მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) თანახმად,  ევროკავშირიდან მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის საფუძველი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დებულებები, რომლითაც მონაცემთა სათანადო დაცვის გარანტიები არის უზრუნველყოფილი. ეს მოიცავს ევროპული კომისიის მიერ დამტკიცებულ  ე.წ „სტანდარტულ სახელშეკრულებო პირობებსაც“ (SCCs), რასაც LinkedIn-ი იყენებს ევროკავშირის/ევროპის ეკონომიკური ზონიდან მონაცემთა საერთაშორისო გადაცემისთვის.

[7] ევროკავშირის, ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) ქვეყნები და შვეიცარია.